Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს (გაზაფხულის სემესტრი, 2020-2021)

იურიდიული ფაკულტეტი გულითადად ულოცავს ყველა სტუდენტს, რომელმაც დამსახურებულად მოიპოვა სახელმწიფო სტიპენდია! ეს მიღწევა ადასტურებს თითოეული მათგანის მაღალ აკადემიურ წარჩინებას იმდენად, რამდენადაც იგი ეფუძნება თანაბარუფლებიანი შეჯიბრობითობის პრინციპს, რომელიც, თავის მხრივ, საუნივერსიტეტო განათლების უმთავრესი ღირებულებაა.

ამასთან ერთად, აუცილებელი მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, იურიდიული ფაკულტეტი პასუხობს მის ვალდებულებას და სტუდენტთა დიდი ინტერესის გამო, წარმოადგენს განმარტებას სასტიპენდიო კონკურსში დაფიქსირებულ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

სტუდენტების მომართვის საფუძველზე, სასტიპენდიო საკონკურსო კომისიამ გადაამოწმა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული კონფერენციის მონაწილეთა სია, რომელიც მოწოდებული იყო კონფერენციის ორგანიზატორთაგან ელექტრონული ფოსტის საშუალებით და შეადარა იგი სოციალურ ქსელში სტუდენტური თვითმმართველობის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ მონაწილეთა სიას.

შედარებამ გამოავლინა ცდომილება 3 (სამი) სტუდენტთან მიმართებით. კერძოდ, სტუდენტური თვითმმართველობის მიერ მოწოდებულ სიაში 1 (ერთი) სტუდენტი ფიგურირებს, როგორც კონფერენციის მონაწილე საჯარო სამართლის მიმართულებით, ხოლო 2 (ორი) სტუდენტი - როგორც კონფერენციის მონაწილე 3 (სამი) მიმართულებით.

სახელმწიფო სტიპენდიის მიზნებისათვის ეს მონაცემები ნიშნავს იმ ქულობრივ უპირატესობას, რაც განაპირობებს ამ სტუდენტთა სასარგებლოდ სტიპენდიის გაცემას. ამასთან, ეს სტუდენტები არ ფიგურირებენ არც სოციალურ ქსელში სტუდენტური თვითმმართველობის ოფიციალურ გვერდზე კონფერენციის მონაწილეთა სიაში და არც კონფერენციის დღის წესრიგში, რომელიც დაინტერესებული სტუდენტების მიერ დამატებით იქნა მოწოდებული იურიდიული ფაკულტეტისათვის.

იურიდიულმა ფაკულტეტმა ახსნა-განმარტებისათვის მიმართა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას და სთხოვა, უმოკლეს ვადაში წარმოედგინა მის მიერ ორგანიზებულ სტუდენტურ კონფერენციაში ზემოხსენებული სამივე სტუდენტის მონაწილეობის დამადასტურებელი დამაჯერებელი მტკიცებულებანი, რის პასუხადაც იურდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარისაგან მიღებულ იქნა წერილი, რომელიც უცვლელად ერთვის წინამდებარე განცხადებას:

„მოგესალმებით,

ქალბატონიო გენრიეტა, პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით დაგვიანებული პასუხისათვის, სამსახურის გამო ვერ მოვახერხე მეპასუხა.

თქვენს მიერ დასმულ საკითხთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ ქალბატონ შორენას სატელეფონო საუბრისას მივაწოდე ზოგადი ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, თუმცა აქაც გაცნობებთ, რომ სტუდენტური თვითმმართველობის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის მიხედვითაც არაობიექტურობისა და მიკერძოების ეჭვის გამომწვევი ყველა შესაძლო გარემოება არმოფხვრილ უნდა იქნეს, თვითმმართველობის იმ წევრებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩარტული სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში, ეკრძალებათ სხვა სტუდენტებისათვის კონკურენციის გაწევა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სტუდენტებმა შეასრულეს ნაშრომები, თუმცა აღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე არ მიეცათ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების შესაძლებლობა შემდგომ ეტაპებზე. ჩავთვალე, რომ ერთჯერადად, აპლიკანტებისათვის მონაწილის სტატუსის მინიჭება არ დაარღვევდა სამართლიანობის პრინციპებს. შესაბამისად, უშუალოდ პრეზენტაცია განსახილველი სტუდენტებს არ წარმოუდგენიათ.

თუკი აღნიშნული ეწინააღმდეგება ფაკულტეტის მიდგომებს და არსებობს  ზოგადი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც პრეზენტირება აკადემიური აქტივობის და მიღწევის ჩათვლის უშუალო წინაპირობაა, აღნიშნული აქტივობის გაუთვალისწინებლობა ჩვენი მხრიდან, რაღა თქმა უნდა,  გაგებული იქნება.

მადლობა წინასწარ.“




გარდა ამისა, სასტიპენდიო საკონკურსო კომისიამ დამოუკიდებლად მოიკვლია საჭირო ინფორმაცია. კერძოდ, გამოითხოვა კონფერენციასთან დაკავშირებული მასალები კონფერენციის მომხსენებელთა შემფასებლებისაგან და რაკი დადასტურდა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებული კონფერენციის დასკვნით ეტაპზე აღნიშნულ სტუდენტთაგან მოხსენება არ წარუდგენია არცერთს, მიიღო გადაწყვეტილება, სტიპენდიატთა სიის უკანასკნელი რედაქციიდან სამივე მათგანის ამოშლისა და რეიტინგის ცვლილების თაობაზე.

ასევე, იმდენად, რამდენადაც საკითხი ეხება იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მმართველ რგოლს და იკვეთება ნიშნები აკადემიური სივრცისთვის შესაძლო მიუღებელი და არაკეთილსინდისიერი ქცევისა, რომელიც, სავარაუდოდ, ხელყოფდა სტუდენტების კანონიერ ინტერესს და მიზნად ისახავდა ფინანსური სარგებლის მიღებას, სასტიპენდიო საკონკურსო კომისია მიმართავს იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს ამ ფაქტების შესწავლის, შეფასებისა და რეაგირებისათვის.

იხილეთ სასტიპენდიო კონკურსში შერჩეულ სტუდენტთა გაახლებული სია.

იურიდიული ფაკულტეტი კიდევ ერთხელ ულოცავს სტიპენდიატებს ღირსეულ წარმატებას!